ეროვნული საბჭო ქვყანაში მთავარ ეკონომიკურ პრობლემად დასაქმების საკითხს მიიჩნევს. ამის შესახებ ეროვნული საბჭოს ეკონომიკური პროგრამის წარდგენისას სასტუმრო თბილისი მარიოტში საბჭოს წარმომადგენელმა ალექსანდრე შალამბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა დღესვე უნდა დაიწყოს და ამისათვის აუცილებელია თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ერთპარტიული მმართველობა დასრულდეს. ამასთან შალამბერიძის განცხადებით საქართველოში დასაქმების გაზრდას ეროვნული საბჭო რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას უკავშირებს. კერძოდ, მისიEშეფასებით, აუცილებელია, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აღდგეს. ვინაიდან ჩაკეტილ სივრცეში ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია.
შალამბერიძის განცხადებით, ქართული პროდუქცია სხვადასხვა გზებით რუსეთში მაინც გადის. ზოგჯერ მისი მოხვედრა რუსულ ბაზარზე სომხეთის, აზერბაიჯანის, აფხაზეთისა და ცხინვალის გავლითაც კი ხდება. თუმცა მისი თქმით, ეს მეწარმეებისთვის არის საკმაოდ რთული გზა, რაც მათ შემოსავლებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
როგორც შალამბერიძემ განაცხადა, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების მოგვარებაზე პოლიტიკოსბმა თვითონ უნდა იზრუნონ და მოლაპარაკებებზე თავად უნდა წავიდნენ. როგორც მან აღნიშნა რამდენი ქარხანა და ფაბრიკაც არ უნდა აშენდეს საქართველოში თუ პროდუქცია არ გაიყიდება ქარხნების არსებობას აზრი არ ექნება და დაიხურება.