თბილისის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა ურბანისტებს, ხელოვნებათმცოდნეებს არქიტექტორებსა და დეველოპერებს შეხვდა. დისკუსიაზე გიგი უგულავამ "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" პროგრამის ფარგლებში თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით, ძველი უბნების განვითარებისა და რეაბილიტაციის უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე ისაუბრა და პროფესიონალებისაგან მნიშვნელოვანი რჩევები მიიღო.
"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, თბილისის ისტორიული ნაწილისა და გარეუბნების რეაბილიტაციას, ტურიზმის განვითარებასა და ეკონომიკის სტიმულირებას წარმატებით მოემსახურება. პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მასშტაბური პროექტი უკვე განხორციელდა.
"ამ პროექტის მიზანი არის საცხოვრებელი, ავარიული სახლებიდან მოსახლეობის გამოყვანა, ხოლო რაც შეეხება უკვე გამოთავისუფლებული ტერიტორიებისა თუ შენობა- ნაგებობების განვითარებას, რეაბილიტაციას ან ადაპტაციას, ეს უკვე რა თქმა უნდა ცალკე განხილვის საგანია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ პროგრამის საშუალებით ჩვენ რეალურად შეგვიძლია ერთის მხრივ ხელი შევიწყოთ მოსახლეობის პრობლემის მოგვარებას, რომელიც ჭარბად არის ძველ თბილისში და მეორეს მხრივ უფრო ადვილი გავხადოთ ინვესტიციებისა და კერძო კაპიტალის მოზიდვა ამ სფეროში", _ აცხადებს გიგი უგულავა.