არ ვაპირებ რესპუბლიკელი მინისტრების თანამდებობებიდან გათავისუფლებას, - ეს განცხადება პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა მას შემდეგ, რაც მას მთავრობაში რესპუბლიკელი მინისტრების ყოფნის შესახებ და იმ გადაწყვეტილებაზე დაუსვეს კითხვა, რომლის მიხედვითაც, „რესპუბლიკური პარტია“ საარჩევნო კამპანიის გამოცხადების შემდეგ, კოალიციის დატოვებას გეგმავს.
“არ ვაპირებ მათ გათავისუფლებას. კანონით არის გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა. თუ ისინი მოისურვებენ საარჩევნო სიაში ყოფნას ამ პერიოდისთვის, სავარაუდოდ, თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვართ პარტნიორობის და კონკურენციის რეჟიმში, ეს არის ერთად მუშაობის ასეთი გამოცდილება, რა გამოცდილებასაც ჩვენ დღეს გავდივართ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა ასეთ რეჟიმში მუშაობა. არ მგონია, ამაზე კიდევ დამატებითი კომენტარების გაკეთება მიზანშეწონილი იყოს.” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.