მუხიანში "ალიანსი საქართველოსთვის" მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი მოსიძემ დასახლებაში მეტროსადგურის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია გამართა.
გიორგი მოსიძის ინიციატივა მიწისზედა მეტროსადგურის მშენებლობას გულისხმობს, რომელიც სადგურებს "ახმეტელის თეატრსა" და "ნოდარ დუმბაძეს" დააკავშირებს.
"თანამედროვე სტანდარტებით, 1 კმ მიწისქვეშა მეტროს გაყვანა 70-80 მილიონი დოლარი ჯდება და ის 5-10 წლის სამუშაოებს საჭიროებს. ამჟამად დედაქალაქის ბიუჯეტს ასეთი სახსრები არ გააჩნია და რაც მთავარია დრო, რომ ამგვარი ძვირადღირებული და ხანგრძლივი პროექტები წამოიწყოს. ამიტომაც, ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ავაშენოთ ე.წ. "მსუბუქი მეტროსადგური", რომელიც განსხვავდება სტანდარტულისგან იმით, რომ მიწისზემოთაა განლაგებული, მისი მშენებლობა ბევრად სწრაფად ხორციელედება და რაც მთავარია იგი 3-4-ჯერ უფრო იაფი ჯდება მიწისქვეშა მეტროსთან შედარებით", - განაცხადა მოსიძემ პროექტის პრეზენტაციისას.
მისივე განმარტებით, "ამჟამინდელი სამშენებლო ინფრასტრუქტურის ფასებით "მსუბუქი მეტროს" 1 კმ-ს მშენებლობა დაახლოებით 15 მილიონი დოლარი ჯდება".
"მუხიანის მარშრუტი არ აღემატება 2 კილომეტრს, რაც ჯამში გვაძლევს 30 მილიონიან პროექტს და რაც მთავარია, ამ ხაზების გაშვება შესაძლებელი იქნება საველე-საინჟინრო სამუშაოების დაწყებიდან 18 თვის შემდეგ. "მუხიანის მსუბუქი მეტრო" იქნება თბილისის მეტროპოლიტენის ნაწილი და მუხიანის მაცხოვრებლებს დააკაშვირებს დანარჩენ დედაქალაქთან", - განმარტა მან.