ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი “ტასისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მიმდინარე წლის აგვისტომდე, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რუსეთის შეამდგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის გამართვა იგეგმება. ,,რაიმე კონკრეტულ თარიღს ჯერ ვერ დავასახელებთ. თუმცა ეს ახლო მომავალში მოხდება, აგვისტომდე”, - განაცხადა თიბილოვმა.
თიბილოვის განმარტებით, რეფერენდუმზე გაიტანენ საკითხს ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის შეცვლის შესახებ, რაც ცხინვალს საშუალებას მისცემს, რუსეთს შეერთების თხოვნით მიმართოს. ამავე დროს, ოკუპირებული რესპუბლიკის დეფაქტო პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ცხინვალი არ ელის, რომ რუსული მხარე რეფერენდუმის შედეგებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს.
"ამჟამად მსოფლიოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ არ გვსურს რუსეთის სახით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სერიოზული პოლიტიკური რისკის წინაშე დავაყენოთ. შესაბამისად, დავასკვენით, რომ ჩვენ ცვლილებები უნდა შევიტანოთ მოქმედ კონსტიტუციაში, კერძოდ მის მეათე მუხლში. ვგეგმავთ, შევიტანოთ ისეთი ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტს პარლამენტთან შეთანხმებით მისცემს უფლებას რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას მიმართოს თხოვნით, განიხილოს სამხრეთ ოსეთის მის შემადგენლობაში შესვლის საკითხი", - განაცხადა
თიბილვმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მხარს დაუჭერს.