დღეს, 20 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ლიტვაში ვიზიტი დაასრულა.
18-20 მაისს ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვილნიუსში გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრები გამართა ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან, პარლამენტის თავმჯდომარენ ირენა დეგუტიენესთან, პრემიერ-მინისტრ ანდრიუს კუბილიუსთან, საგარეო საქმეთა მინისტრ აუდრონიუს აჟუბალისთან, ეროვნული თავდაცვის მინისტრ რასა იუკნევიჩიენესთან, ლიტვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ემანუელის ზინგერისთან და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არვიდას ანუსკაუსკასთან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი იუწყება.
ვაშაძემ აჟუბალისთან ერთად ხელი მოაწერა საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში კომისიის დამფუძნებელ დოკუმენტს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრო საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფის შეხვედრას, ამასთან, მისასალმებელი სიტყვით მიმართა ვილნიუსის ათეულის მრგვალი მაგიდის მონაწილეებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში, ყველა შეხვედრაზე, ლიტვის უმაღლესი და მაღალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კიდევ ერთხელ განუცხადეს ლიტვის სახელმწიფოს პატივისცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.