პარტია "თავისუფლების" წარმომადგენელი სანდრო ბრეგაძე ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობს და ოპოზიციას თბილისის მერობის არჩევნებზე ერთიან კანდიდატზე შეჯერებისკენ მოუწოდებს. ის "რესპუბლიკურ" პარტიას, კერძოდ კი - თინა ხიდაშელს ერთიანი ოპოზიციის დაშლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან დღეს "პრაიმ ტაიმის" პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"24 მაისს გამოვალთ ინიციატივით და კატეგორიულად მოვითხოვთ, ოპოზიციური კანდიდატები დასხდნენ და შეთანხმდნენ ერთიან კანდიდატზე. თუ არ მოხდა ერთიან კანდიდატზე შეთანხმება, ეს იქნება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ, ბატონ გიგი უგულავასთვის არჩევნების დაკანონება, რასაც ზოგი პოლიტიკური სუბიექტი აკეთებს შეუგნებლად, ზოგიც შეგნებულად", - განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის გამარჯვება ერთიანობის გარეშე შეუძლებელია.
"დიდი ხნის განმავლობაში ლევან გაჩეჩილაძე ცდილობდა ოპოზიცია შეთანხმებულიყო ერთიან კანდიდატზე, ვცდილობდით ჩვენც და ცდილობდნენ "ლეიბორისტები", მაგრამ ეს მცდელობა ჩაშლილი იყო "რესპუბლიკური" პარტიის, კერძოდ კი თინა ხიდაშელის მიერ - მან ყველაფერი იღონა, რომ ეს არ მომხდარიყო.",- განმარტა ბრეგაძემ.