ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრაგამართა უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ლასლო კოველთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორს არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და განსაკუთრებულ მეგობრობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა განათლების სფეროში თანამშრომლობას და უნგრეთის მიერ საქართველოს სტუდენტების დაფინანსებას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ასევე აღინიშნა, რომ ხალხთა შორის კონტაქტების დამყარებას და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საპარლამენტო თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ საქართვლოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
„ჩვენთვის საქართველო უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა. მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, სულიერი და კულტურული მსგავსებები ჩვენთვის მას ძალიან ახლობელ ქვეყნად აქცევს.
საქართველოს ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რეგიონშიც. სწორედ ამიტომ, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ მის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს. უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას (პარლამენტს) ამის გაკეთება ორი გზით შეუძლია. პირველი - ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა ვუზრუნველყოთ საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებული ყველა შეთანხმების რატიფიცირება, და მეორე - საქართველოს ჩვენს მიერ დაგროვილი გამოცდილება უნდა გავუზიაროთ.
მიგვაჩნია, რომ საქართველო უკვე მომწიფებულია და მზადაა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების პროცესი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება." - განაცხადა უნგრეთისპარლამენტის თავმჯდომარემ, ლასლო კოველმა.