დღეს, 31 ოქტომბერს, თბილისის ბოტანიკური ბაღი ტრადიციული საშემოდგომო გამოფენისთვის ემზადება. "ყვავილების საშემოდგომო გამოფენა" 31 ოქტომბერს გაიხსნება. მასზე წარმოდგენეილი იქნება ქრიზანთემის 80-მდე და გიორგინის 50-მდე ჯიშის თაიგულები, საორანჟერეო მცენარეები. გაიმართება კონკურსი თაიგულებისა და ფლორისტული კომპოზიციების შექმნაში. გამარჯვებულები საოთახე მცენარეებით დაჯილდოვდებიან.
დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, იხილონ ულამაზესი საშემოდგომო პეიზაჟები, რომლებსაც ათასამდე დასახელების სუბტროპიკული და ტროპიკული მცენარე ქმნის. წლევანდელი გამოფენის ორგანიზატორია ბოტანიკური ბაღის ეკოლოგიური განათლებისა და ვიზიტორთა ცენტრი.
თბილისის ბოტანიკური ბაღის ისტორია მე-17 საუკუნიდან იწყება. მისი წინამორბედი იყო მდინარე წავკისისწყლის ხეობის ქვემო საწილში (ლეღვთახევში) გაშენებული დეკორატიული და სამკურნალო მცენარეების "სამეფო ბაღი", რომელსაც "ცოდნის წყაროსაც" უწოდებდნენ. მას ბოტანიკური ბაღის სტატუსი 1845 წლიდან მიენიჭა.
გამოფენა 9 ნოემბრამდე გაგრძელდება.