თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის ორდღიანი სხდომა გაიხსნა, რომელშიც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.
სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხია მიგრაციის გამოწვევები სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავარ პრობლემად დაასახელა 270 ათასამდე დევნილი, რომელთა უმრავლესობას საცხოვრებელი დღემდე არ გააჩნია.
„ამას დაემატა მიგრაციის კრიზისი, რომელიც საქართველოსაც შეეხო. არა ისე მწვავედ, როგორც ევროკავშირის ქვეყნებს, მაგრამ თითქმის 20-ჯერ გაიზარდა რაოდენობა მიგრანტებისა, რომლებიც საქართველოს თავშესაფარს სთხოვენ“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის ორდღიან სხდომაზე უმთავრესი საკითხი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლება და მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება.
დღესვე, კომიტეტის წევრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და წეროვანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდებიან.