"ალიანსი საქართველოსთვის" წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია მოაწყო. ჩიხრაძემ აქციაზე ფოტოგამოფენის სახით მცირე ექსპოზიცია წარმოადგინა, რომელზეც ასახული იყო ავლაბარში მდებარე სახლების მდგომარეობა.
მისი განცხადებით, "ავლაბრის ერთი პატარა მონაკვეთის მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს რა დამოკიდებულება აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" მოსახლეობისადმი".
"პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახირებითა და თბილისის მოქმედი მერის უგულავას თანხმობით მტკვარზე აშენდა სრულიად უსარგებლო ფუნქციის ე.წ. "მშვიდობის ხიდი", რომელიც გაუცხადებელი მონაცემებით 80 მლნ. ლარი დაჯდა. ჩვენ არ ვიცით რამდენი შეადგინა საქართველოში არქიტექტორად ჩამოყალიბებული დიზაინერის მიკელე დე ლუკას ჰონორარმა. სამაგიეროდ ვიცით, რომ ავლაბრის დაკიდებული ბაღის ავტორის, ლანდშაფტის არქიტექტორ პატრიკ ბლანშის ჰონორარმა 68 000 ევროს მიაღწია, თავად პროექტის ღირებულება დაზუსტებული არ არის. ავლაბრის ამ ნაწილში კი გაუსაძლის ყოფაში ცხოვრობენ ადამიანები. ჩვენი მინი ფოტოგამოფენა სწორედ ამ კონტრასტის ჩვენებას ემსახურება. არის ეზოები, სადაც მერიას 500 ლარი დაენანა კანალიზაციის სისტემის შესარემონტებლად; არის სახლები, სადაც ხალხი ბრეზენტით სახლის გადახურვას ევედრება ძველი თბილისის გამგეობას.
უკვე დახარჯული და შემდგომში ამ ორი ობიექტის მომსახურების თანხა ასეულობით გაუსაძლის ყოფაში მცხოვრებ ჩვენს თანაქალქელს შეუმსუბუქებდა სრულიად არაადამიანურ ყოფას", - განაცხადა ჩიხლაძემ.
მისივე განმარტებით, ყველაზე მინიმალური დათვლებითაც კი, "ეს ის თანხაა, რომელიც თავისუფლად ეყოფოდა ირაკლი ალასანიას და "ალიანსი საქართველოსთვის" ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ერთი წლის პროგრამებს".