ლეიბორისტული პარტია პრეზიდენტს საბიუჯეტო თანხმების პირადი კომფორტისთვის ხარჯვაში ადანაშაულებს.
პარტიის წარმომადგენლის, სოსო შატბერაშვილის ინფორმაციით, ქვეყნის პირველ პირს პირადი თვითმფრინავი, რომელშიც უმაღლესი დონის კომფორტი აქვს შექმნილი 100 მლნ ლარი დაუჯდა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსა.
"რაც შეეხება პრეზიდენტისა და მისი გუნდის წევრების სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტებს, ის ბიუჯეტს, საშუალოდ, 200-250 ათასი ლარი უჯდება", - განაცხადა შატბერაშვილმა.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკსის თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ, სააკაშვილმა უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართა და თვითმფრინავში 12 მლნ ლარის ღირებულების კატაპულტირების სისტემა ჩაამონტაჟებინა.
"დაუშვებელია, ქვეყნის პრეზიდენტი კრიზისზე, გაჭირვებაზე საუბრობდეს და ამ დროს პირადი კეთილდღეობისთვის ამდენ ფულს ხარჯავდეს", - განმარტა მან.