ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი საგარეჯოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ეხმაურება და მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მოუწოდებს, თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან დაკავშირებულ თემებს ძალიან მკაფიო პასუხი ოპერატიულად გასცეს.
მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველომ“ პროკურატურას მიმართა და და მას ერთ საათში, პროკურატურა გამოეხმაურა. ბერძენიშვილის შეფასებით, ეს სერიოზული არ არის და საქმის არაღძვრის გადაწყვეტილება უფრო ჭკვიანური იქნებოდა.
,,რაღაც მოულოდნელი და უცნაური დაახლოებაა პროკურატურისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“. ეს სერიოზული არ არის. იმედი მაქვს, რომ პროკურატურა ამ საქმეს ძალიან სწრაფად და ოპერატიულად შეისწავლის. მგონია, რომ საქმის არაღძვრის გადაწყვეტილება უფრო ჭკვიანური იქნებოდა, მაგრამ, ეს მათი საქმეა. პროკურატურა უნებურად არ უნდა იქცეს პოლიტიკური კამპანიის შემადგენელ ნაწილად და ამას ხაზს ვუსვამ“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
მისივე თქმით, მთავარ პროკურორს სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრა, რადგან გოგი თოფაძე, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელია, თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებით გამოდის.
„თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ხელისუფლებიდან გაგდებული სანდრო ბრეგაძე უხამსი ბრალდებებით გამოდის. ასევე, არჩევნებში დამარცხებული ირმა ინაშვილი ბრალდებებით გამოდის და თავდაცვის მინისტრის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ეს ყველაფერი ნებსით თუ უნებლიეთ საქართველოს პროდასავლური კურსის ინტერესებს არ ემსახურება. ვიღაც ამას შეგნებულად აკეთებს, ვიღაც - გამოუცდელობით”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
საქარველოს მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს" მიმართვა გახდა, რომელმაც პროკურატურას პარლამენტის დეპუტატის და ფრაქცია "მრეწველების" თავმჯდომარის, გოგი თოფაძის განცხადებაზე რეაგირება მოსთხოვა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გოგი თოფაძემ განცხადა, რომ საგარეჯოს ოლქში არჩევნები გაყალბდა და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არსებობდა.