საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ კოალიციის გაფართოებულ შეხვედრაზე, სადაც ბოლო დროს დაგროვილი პრობლემები და მათ შორის შიდა დაპირისპირებები უნდა განიხილონ, ბიძინა ივანიშვილის დასწრება სავალდებულო არ არის.
ეს განცხადება გია ჟორჟოლიანმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„როგორც მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილი არ არის არც პოლიტსაბჭოს წევრი, არც უმრავლესობის წევრი, არც კოალიციის წევრი და ა.შ. ჩვენ ვართ სახელმწიფო. არავითარი საჭიროება სპეციალური შეხვედრისა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, არ არსებობს. თუმცა, ცხადია, მაღალი ავტორიტეტის მქონე ადამიანია და შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ასეთ შეხვედრებშიც, სხვა ტიპის შეხვედრებშიც. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ფორმალურად ან არაფორმალურად ამის აუცილებლობა არსებობს. უმრავლესობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ბავშვები ხომ არ ვართ, რომ ვიღაცას ან რაღაცას დაველოდოთ,“ - აცხადებს ჟორჟოლიანი.