საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიაი 25 თებერვალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
”დღეს 25 თებერვალია. ტელეეკრანებიდან კვლავ ულევი ღვარძლი გადმოინთხევა იმ 70 წლიანი "სისხლიანი" და "საშინელი" საბჭოთა პერიოდის მიმართ. გადმოინთხევა, რათა ბანკებისა და წამლის ბარიგა სააფთიაქო ბიზნესის წარმომადგენლებმა კვლავ აწამონ და ყვლიფონ ხალხი, რათა ქართველმა ქალებმა უმძიმესი შრომით თავი დააიავადმყოფონ თურქეთსა თუ იტალიაში და კაპიკების გულისათვის თავიანთი სიამაყე დათმონ. კვლავ გადმოანთხევენ ნაღველს რათა, გაგრძელდეს შიმშილი, ავადმყოობა, უმუშევრობა და ათასი უბედურება. კვლავ ალესავენ გრძელ ენას, რათა ხალხს თეთრი შავად მოაჩვენონ, რათა როგორმე დაავიწყონ ის, რაც დაკარგა უბრალო, მშრომელმა ხალხმა - შრომა და შრომის დაფასება, როცა თვიდან თვემდე უკეთესობა იგრძნობოდა და მშვიდად იყავი ოჯახის მომავალთან დაკავშირებით. კვლავ კივილით გაგვაყრუებენ ტელევიზიები რათა მოსახლეობა არ ალაპარაკდეს იმაზე, რა დაკარგა სოციალიზმთან და საბჭოთა "ტირანიასთან" ერთად: ოჯახში სიუხვე, შვილების უზრუნველყოფილი მომავალი და, რაც მთავარია, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა!
დილიდან უკვე ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები ერთმანეთს ასწრებენ საბჭოთა პერიოდის შავ ფერებში რომ წარმოგვიდგინონ. კვლავ ისმის გნიასი 70-წლიან „ტრაგედიაზე“ და “დიდ უბედურებაზე“!
ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას დაავიწყონ სოციალიზმის მიღწევები, თუ როგორ შრომობდა და ცხოვრობდა მაშინ ხალხი, თუ როგორ შენდებოდა ქვეყანა, თუ როგორი ძმობა, დანდობა, სიყვარული და ადამიანობა მეფობდა ყველგან საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში, თბილისში თუ მესტიაში, ცხინვალში თუ ბათუმში, კახეთის მელაანსა თუ გურიის ნატანებში!
აღვირახსნილი სიძულვილი და მოწოდებები კომუნისტურ რეჟიმს გაუსწორდნენ, ანგარიში გაასწორონ მასთან, ემსახურება იმას, რომ საქართველოს მშრომელების ყურადღება დღევანდელი პრობლემებიდან სხვაგან გადაიტანონ! ეს ემსახურება სოციალისტური წყობის მიმართ უდავოდ გაძლიერებული ნოსტალგიის ჩაკვლას, ახალგაზრდების გაბრუებას, ემსახურება ბოროტებას, რომლის სახელიც კაპიტალიზმია - ბანკირებისა და ფულიანი ხალხის ბატონობა პატიოსან უმრავლესობაზე!!!
დღეს, 25 თებერვალს, მოვუწოდებთ საქართველოს მშრომელებს, ტყიბულის მეშახტეებსა თუ ბათუმის პორტის მუშაკებს, ბანკისა თუ რეესტრის რიგით თანამშრომლებს, მასწავლებლებსა თუ ექიმებს, ბენზოგასამართი სადგურების ოპერატორებსა თუ მეტროს თანამშრომლებს, ყველას:
იბრძოლეთ ფაბრიკა-ქარხნების, რკინიგზისა და პორტების, ტყეებისა და ტბების, ოქროსა თუ ქვანახშირის საბადოების, ჭიათურმანგანუმის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნისა თუ ზესტაფონის ფეროს კვლავ დასაბრუნებლად! მთელი ეს სიმდიდრეე თქვენია და არა ვიღაც ყაჩაღისა, რომელიც მათხოვრულ ხელფასსაც კი არ იძლევა დროზე! მთელის საქართველო თქვენია და არა ბანკირებისა, ბიზნესმენებისა, გაქსუებული პარლამენტარებისა, მილიარდერებისა!
იბრძოლეთ საკუთარი უფლებებისათვის, ღირსებისათვის, შვილების მომავლისათვის! იბრძოლეთ სოციალიზმისათვის!”, - ნათქვამია განცხადებაში.