საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა გაეროს განვითარების პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ დავით ზალკალიანმა მაღალი დონის თემატურ სესიაზე ისაუბრა, რომელიც გაიმართა თემაზე “კონფლიქტის პრევენცია, მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობა“.
საგარეო უწყების ინფორმაციით, თავის გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოში გაეროს მიერ პროგრამების განხორციელების მნიშვნელობას და ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტის გადაწყვეტაში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი ერთგულების აუცილებლობა, მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. მინისტრის პირველმა მოადგილემ დაადასტურა საქართველოს მზაობა, ყველა ღონე იხმაროს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ქვეყნის შიგნით დემოკრატიზაციის პროცესის სრულყოფის მიზნით.