საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით ლორთქიფანიძე, მთავრობაში შესაძლო ცვლილებებს არ გამორიცხავს. ის ასევე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ამ პროცესში ჩართულობა მნიშვნელოვანია.
”ცვლილებები რომ მოხდება ამაში დარწმუნებული ვარ. ბატონ ბიძინას ძალიან დიდი დამსახურება აქვს, მან წინა რეჟიმის შეცვლა მოახერხა, რომ არა ის, ეს ვერ მოხდებოდა. აქედან გამომდინარე, ადამიანურად მესმის, რომ მისი ჩართულობა არის მნიშვნელოვანი და ვინ დაუშალა ბატონ ბიძინას, რომ მან თავისი მოსაზრებები გამოთქვას,"- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ”ჯი-ეიჩ-ენის” ინფორმაციით, საქართველოს მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა სამთავრობო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სამთავრობო ცვლილებები მარტში განხორციელდება. „ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს, ამჟამად მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი დაიკავებს. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კი ეკონომიკის სამინისტროს ჩაიბარებს. ცნობილია, ასევე ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შემცვლელი. კულუარული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის პორტფელს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაიბარებს. ჯერ-ჯერობით საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი ცვლილებები შს სამინისტროში. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ამ დრომდე თავს იკავებს მინისტრის პოსტის დაკავებისგან. თუმცა, აღნიშნული საკითხი ორიოდე თვის წინ, უკვე გადაწყვეტილად მიიჩნია თავად ბიძინა ივანიშვილმა.