"ლეიბორისტები" ოპოზიციურ პარტიებს ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
"კიდევ ერთხელ და საბოლოოდ მივმართავთ ჩვენს ძვირფას კოლეგებს - ოპოზიციას, დავდგეთ საკუთარ გრძნობებზე მაღლა. ნუ მიიღებთ მონაწილეობას ტერორისტული რეჯიმის მიერ საკუთარი ტყავის გადასარჩენად მოწყობილ ხაფანგში, რომელსაც ე.წ. ადგილობრივი არჩევნები ჰქვია. ჩავშალოთ ეს ხაფანგი, რასაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა აუცილებლად მოჰყვება", - განაცხადა პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, ადგილობრივი არჩევნები მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის წარმოადგენს ერთადერთ, ყველაზე მოკლე გზას, რათა წაგებული ომი, ტერიტორიების დანაწევრება და სხვა უამრავი შეცდომა თუ დანაშაული "გაათეთროს და ეს გათეთრება არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს დაამოწმებინოს".
ამასთან, ნათელაშვილის თქმით, "კუდის სპეციალურმა სტრუქტურებმა არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ მის პარტიას 4 მლნ ევრო შესთავაზა".