იურისტი დავით ჯანდიერმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში მოსამართლე მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე საუბარისას განაცხადა, რომ აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება.
“ იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღეს დაშლის შემთხვევაში, განსხვავებულ შემადგენლობას აირჩევენ მოსამართლე წევრები, ამის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, თუმცა, აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება. ერთ კვირაში გვექნება შეთავაზება, როგორ უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება დღეს არსებულ ვითარებაში იმისთვის, რომ რეალისტები ვიყოთ, იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს დაცული მურუსიძის მსგავსი მოსამართლეების დანიშვნისგან, და ასევე იმისგან, რომ დისციპლინარული სამართალწარმოების წესში იყოს ცვლილება - დღეს თუ მე მინდა, რომ ბატონი მურისიძის ან კორპორატიულ ინტერესში მყოფი მოსამართლის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, არ იყოს ეს დამოკიდებული სწორედ იმ კორპორატიული ინტერესის მქონე ადამიანებზე”, - განაცხადა ჯანდიერმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა. ახვლედიანის გადაყენებას იუსტიციის საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი ერთის წინააღმდეგ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთადერთი წევრი, ვახტანგ მჭედლიშვილი, რომელმაც ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებას არ დაუჭირა მხარი, აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭო გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს. იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომლებმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენებას დაუჭირეს მხარი, აცხადებენ, რომ მამუკა ახვლედიანი არ ითვალისწინებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რჩევებს და გადაწყვეტილებებს საბჭოს გვერდის ავლით იღებდა. ასევე, თვითნებურად ახორციელებდა მოსამართლეებზე საქმეების განაწილებას.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მამუკა ახვლედიანს შორის დაძაბული ურთიერთობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. 2015 წლის დეკემბერში ახვლედიანმა განაცხადა, რომ ვერც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და ვერც იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ. ამის შემდეგ სწორედ ახვლედიანმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ტესტების სავარაუდო გაჟონვას ჰქონდა ადგილი. 2016 წლის თებერვალში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მამუკა ახვლედიანმა ამ თემაზე ახსნა-განმარტება 10 თებერვალს გაასაჯაროვა. გვენეტაძემ განაცხადა, რომ ახვლედიანის დათხოვნა ამ დისციპლინურ დევნასთან კავშირში არ არის.