საქართველოსა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, დელეგაციებს შორის გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებები გაიმართა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვაჭრობის სფეროში არსებულ პერსპექტივებზე. განხილული იყო კონკრეტული საინვესტიციო პროექტები. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის დიდია ინტერესი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით. ასევე საუბარი წარიმართა ჩეხური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული რეფორმების მიმართულებით.
შეხვედრას ჩეხეთისა და საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.