ხვალ, 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის # 1 საჯარო სკოლაში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საერთაშორისო ასოციაციის "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ორგანიზებით დიალოგი -მრგვალი მაგიდა "საქართველოს ახალგაზრდობა მშვიდობიანი მომავლისათვის" გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი, მწერალი გურამ ოდიშარია, ისტორიკოსი ზურაბ პაპასქირი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე და სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი სვეტლანა ქეცბა.
დიალოგში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, მათ შორის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები და ოკუპირებული გალის რაიონიდან ჩამოსული ახალგაზრდების ჯგუფი ჩაერთვებიან.
პროექტის მიზანია ქართველი და აფხაზი სტუდენტების სახალხო დიპლომატიის პროცესებში ჩართვის ხელშეწყობა. ხელისუფლებისა და ექსპერტების მიერ აღნიშნულ სფეროში მიღებული გამოცდილების გაზიარება, მომავალ თაობას სამშვიდობო ხედვების, ჰუმანური ღირებულებებისა და პრინციპების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
სამების საკათედრო ტაძარში, ახალგაზრდები სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით გაფორმებულ "ივერიელთა ერთობის ტრაქტატს" ხელს მოაწერენ. 19:00 საათზე კი კინოთეატრ "რუსთაველში" დიალოგის მონაწილეები გიორგი ოვაშვილის მიერ აფხაზეთის თემაზე შექმნილი ფილმის, "გაღმა ნაპირის" ჩვენებას დაესწრებიან.