ვცდილობთ მოვახდინოთ იმ გზავნილის მიტანა რუსეთში პოლიტიკოსებისადმი, რომ საქართველო თავისი დასავლური ღირებულებებით, დასავლური ვექტორით და დასავლური ინტეგრაციის სურვილით, არ ეწინააღმდეგება რუსეთს და არ ქმნის კონფრონტაციას რუსეთთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, საქართვ ელოს მთავრობამ გამორიცხა მტრული რიტორიკა, შეურაცხმყოფელი რიტორიკა, რომელიც არსებობდა და ვერანაირ დადებით შედეგს ვერ აძლევდა ქვეყანას.
”რუსეთთან ფუნდამენტური პრობლემები რჩება. უმთავრესი პრობლემა გვაქვს ოკუპაციის სახით და ვხედავთ, რომ არანაირი დადებითი დინამიკა არ გვაქვს. არ გვაქვს იმ მიმართულებითაც, რომ რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებებს დასავლური ინტეგრაციის თაობაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ რისკები და რაიმე სახის გართულება ამ ურთიერთობის და სიტუაციის, რომელშიც დღეს ვართ და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით, ჟენევის მნიშვნელოვანი ფორმატით მივაღწიოთ პოზიტიურ დინამიკას. თუნდაც ის, რომ ჩვენ დღეს გარკვეული ეკონომიკური ურთიერთობები გაგვაჩნია და ტურიზმის მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა, გარკვეული წინაპირობაა იმისა, რომ ასე, თუ ისე, რუსეთის მხრიდან რისკები თავიდან ავიცილოთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკურ განზომილებებში დინამიკა არ გვაქვს. ვერანაირი დინამიკა ვერ იქნება საქართველოს სტრატეგიული გადაწყვეტილებების კუთხით რაიმე კომპრომისის ფონზე იმიტომ, რომ ასეთი კომპრომისი ჩვენი მხრიდან გამორიცხულია. ჩვენმა მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი და ეს არჩევანი უნდა იქნას პატივცემული ყველა მთავრობის მიერ. ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, მაგრამ ასევე, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ კონფრონტაციული მესიჯები არ გავაგზავნოთ რუსეთში და გამოვიყენოთ ყველანაირი შესაძლებლობა დიალოგისათვის, რათა რისკები ამ მიმართულებით შევამციროთ და ჩვენს ქვეყანას მივცეთ განვითარების საშუალება”, - განაცხადა კვირიკაშვილმა. .