22 თებერვალს, 09.30 საათზე სასტუმრო 'ჰოლიდეი ინ'-ში ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველოს' ორგანიზებით კონფერენცია გაიხსნება, სადაც საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხზე იმსჯელებენ მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნება კანონპროექტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ, რომელიც 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა.
როგორც ორგანიზატორებმა "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილეები, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, წარმომადგენლები მთავარი პროკურატურიდან და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ღონისძიებაზე მოწვეულები არიან კანადის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელები, ასევე სამხრეთ აფრიკის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნელები.
დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნისკენ საქართველოს ხელისუფლებას პირველად 2005 წელს მოუწოდა გაეროს წამების, ღირსების შემლახავი და არადამიანური მოპყრობის შესახებ სპეციალურმა მომხსენებელმა. იგივე გაიმეორა ტომას ჰამერბერგმა 2011 და 2013 წლებში ჯერ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისა და შემდგომ საქართველოს მთავრობის მრჩევლის რანგში. არასამთავრობო ორგანიზაციები მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან და მათ მიერ შემუშავებულ იქნა კანონის პროექტი აღნიშნული მექანიზმის შექმნის მიზნით.
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი სამართალდამცველთა კონტროლის საშუალება იქნება და გაზრდის მათ ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების მიმართ. იგი განახორციელებს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების გამოძიებას და სისხლის სამართლებრივ დევნას, რაც ნიშნავს, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.
შემუშავებულმა კანონპროექტმა ექსპერტიზა გაიარა საერთაშორისო დონეზე და მანფრედ ნოვაკმა, გაეროს წამების, ღირსების შემლახავი და არადამიანური მოპყრობის შესახებ სპეციალურმა ყოფილმა მომხსენებელმა დადებითი შეფასება მისცა მას. საერთაშორისო ექსპერტმა იგი ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად მიიჩნია ევროპის მასშტაბით.