ენგურჰესთან დაკავშირებით ხვალ სააპელაციო სასამართლოში გაზეთ "რეზონანსისა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საჩივრის განხილვა გაიმართება.
საჩივარი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსულ კომპანია `ინტერ რაოს~ შორის, ენგურჰესის ეფექტურ მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთგაგების მემორანდუმზე კომერციული საიდუმლოს მინიჭების თაობაზე, ენერგეტიკის სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობას ეხება.
ხვალიდნელ სხდომაზე კი, მტკიცებულებების გამოკვლევაა დააგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი მტკიცებულება ენგურჰესის მართვასთან დაკავშირებული მემორანდუმია.
სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის ნოემბერში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაზეთ "რეზონასისა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საჩივარი პირველად 5 მაისს განიხილა, სადაც მხარეების არგუმენტები იქნა მოსმენილი.
როგორც სხდომაზე ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელი განმარტავდა, კომერციულ საიდუმლოდ აღნიშნული დოკუმნეტის ცნობა კომპანია `ინტერ რაოს~ მოთხოვნით მოხდება. ამასთან, სამინისტრო და მთავრობა არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მემორანდუმი, რომლის ერთ მხარეს სახელმწიფო წარმოადგენს, არ შეიძლება სრულად საიდუმლო იყოს.
მომჩივანი მხარის მტკიცებით კი, დოკუმენტი შესაძლოა, იყოს ნაწილობრივ საიდუმლო იმ ნაწილში, სადაც საუბარი კომპანიის კომერციულ ინტერესებს შეეხება, თუმცა, საჯაროობის პრინციპი აუცილებლად დაცული უნდა იყოს იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებს, `ინტერ რაოს~ ვალდებულებებს და მსგავს საკითხებს შეეხება. შესაბამისად, მათი განცხადებით, მემორანდუმი ნაწილობრივ მაინც ღია უნდა იყოს.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია ~ინტერ რაოს~ შორის ენრგუჰესის მართვასთან დაკავშირებით მემორანდუმი 2008 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა.