ლეიბორისტული პარტია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯის დაკანონებას მოითხოვს. შესაბამისი კანონპროექტი ნათელაშვილის გუნდს უკვე მომზადებული აქვს.
როგორც პარტიის საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კანონპროექტი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებებისა და დამატებას ითვალისწინებს, რაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და რელიგიური შეხედულებების გამო პიროვნების ღირსების განზრახ დამცირებისთვის 10 000 ლარამდე ჯარიმას ან თავისუფლების 2-წლამდე აღკვეთას გულისხმობს.
"იმ შემთხვევაში კი, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით ან პირის მიერ, რომელიც უკვე ნასამართლევია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის, 20 000 ლარამდე ჯარიმით ან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება", - განაცხადა კირთაძემ.
ამასთან, "ლეიბორისტები" 5-წლიანი პატიმრობით მოითხოვენ იმ ადამიანების დასჯას, რომლებიც ეკლესიას, მის წინამძღვარს, წმინდა სინოდს, ასევე სასულიერო პირებს შეურაცხყოფას მიაყენებს.
აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება პარტიამ გასული წლის 25 დეკემბერს მოახდინა. საბოლოო სახე კი, დოკუმენტმა დღეს მიიღო და საკანონმდებლო ორგანოში ის ისევ შევიდა.
დოკუმენტი განსახილველად წარედგინება საპატრიარქოსაც.