საარჩევნო სიის მონიტორინგის შედეგად შესაბამისი რეგისტრაციიდან სულ 12 539 ამომრჩევლის მოხსნა მოხდა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი და აქვე განმარტებულია, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების უმეტესობა აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული არ არის.
"ის ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციიდან მოხსნა მოხდა, საოლქო საარჩევნო კომისიებში უნდა მისულიყვნენ და ხელმეორე რეგისტრაცია გაევლოთ, თუმცა იმის გამო, რომ ცესკოს მიერ ამ ადამიანთა ინფორმირების მიზნით სრულყოფილი კამპანია არ ჩატარებულა, ხელმეორე რეგისტრაცია მათმა მხოლოდ მცირე ნაწილმა გაიარა", - განაცხადა "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" თავმჯდომარე მიხეილ დევდარიანმა დღეს, წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაციისას.
რაც შეეხება უშუალოდ 12 539 ამომრჩევლის რეგისტრაციიდან მოხსნის მიზეზს, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეს იმ საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრეთა განცხადების საფუძველზე მოხდა, რომელ ბინებშიც 10-დან 20-მდე და მეტი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.