საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს "განსაკუთრებული სიფრთხილისა და პასუხისმგებლობის" გამოჩენისკენ მოუწოდებს.
"2010 წლის 30 მაისს დანიშნულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ამჟამად მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, ამიტომ ზოგიერთი ქმედება, რომელიც ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება არასაარჩევნო პერიოდში, შეიძლება გახდეს დავისა და დაპირისპირების საგანი საარჩევნო პერიოდში.
ცესკო მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს _ საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს, პოლიტიკურ პარტიებს, ამომრჩევლებს, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, სიფრთხილე და მიმართონ მაქსიმალურ ძალისხმევას მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი გაუგებრობა წინასაარჩევნო პერიოდში", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.