პირებს, ვინც აქამდე შრომის წიგნაკებით სარგებლობდნენ, ექნებათ არჩევის საშუალება _ დაიტოვონ შრომის წიგნაკი, თუ უარი თქვან მასზე. ეს მოთხოვნა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ეკუთვნის. კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი კატეგორიულად აცხადებს, რომ ამის გათვალისწინების გარეშე პარლამენტი მთავრობის ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
მთავრობის ინიციატივით შრომის კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, მთლიანად უქმდება შრომის წიგნაკის ცნება. შრომის წიგნაკი დღეს უკვე აღარ მოქმედებს საჯარო სამსახურებში. მთავრობის არგუმენტია, რომ საჯარო და კერძო სტრუქტურები გათანაბრდეს. გოგორიშვილის განცხადებით კი, შრომის წიგნაკით სარგებლობის უფლება უნდა იყოს ადამიანისთვის არჩევის საშუალების საგანი.
როგორც იგი აცხადებს, თუ დღეიდან აიკრძალება შრომის წიგნაკი, ცხადია, ამით აღარავინ ისარგებლებს, მაგრამ იმ პირებისთვის, ვისაც წლების განმავლობაში ჰქონდათ შრომის წიგნაკები, ამ წიგნაკის გამოყენების უფლება უნდა იყოს არჩევითი.
გოგორიშვილი აღნიშნავს, რომ ეს არის კომიტეტის კატეგორიული მოთხოვნა, რომელსაც სხვა კომიტეტებიც იზიარებენ და აცხადებს, რომ "ამ პრინციპის გათვალისწინების გარეშე პარლამენტი ამ ცვლილებას მხარს არ დაუჭერს".
მისი განცხადებით, როდესაც მთავრობამ ამ საკითხზე დაიწყო მუშაობა, ეს პრინციპი იყო შეთანხმებული და იგი მთავრობისგან პირობის შესრულებას მოითხოვს.