თბილისის მერობის "ეროვნული საბჭოს" კანდიდატი ზვიად ძიძიგური არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პენსიონერებს უფასო მედიკამენტსა და მკურნალობას პირდება.
აღნიშნულს საბჭოს საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული დაზღვევის პროგრამა ითვალისწინებს, რომელიც ზვიად ძიძიგურმა და კობა დავითაშვილმა პენსიონერებს დღეს გააცნეს.
ძიძიგურის განცხადებით, სადაზღვევო პაკეტი სულ 7-პუნქტისგან იქნება წარმოდგენილი, რისთვისაც დედაქალაქის მერია ყოველთვიურად თითო პენსიონერზე 120 ლარს გამოყოფს.
"ეს არის ყოველთვიური, 120-ლარიანი დაზღვევა, რომელიც მოიცავს უფასო მედიკამენტს, უფასო ექიმს, უფასო მკურნალობა, უფასო სასწრაფო დახმარებას...", - განმარტა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ის პენსიონერთა სამედიცინო დაზღვევისთვის დედაქალაქის მთავრობის ბიუჯეტიდან 150 მლნ ლარს გამოყოფს.