რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, პოლონეთის ექს-პრეზიდენტთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ იმსჯელეს.
ამის შესახებ იაკობაშვილმა კვასნევსკისტან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"მსჯელობის ძირითადი საგანი იყო ოკუპირებული ტერიტორიები და, ზოგადად, ოკუპაცია. ჩვენ კვასნევსკის გავაცანით, თუ რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება პრობლემების მოსაგვარებლად, ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის პრაქტიკულ ნაწილზე და იმის თაობაზე, თუ როგორ ვხედავთ ამ ყველაფერში ევროკავშირის მონაწილეობას", - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.
მისისვე შეფასებით, კვასნევსკის ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მან შეძლოს ევროპაში საქართველოს შესახებ სწორი ინფორმაციის გატანა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ კვასნევსკი თბილისში იმყოფება.
ალექნადრ კვასნევსკი პოლონეთს პრეზიდენტად 1995 წელს აირჩიეს. 1999 წლის 26 თებერვალს სწორედ მან მოაწერა ხელი პოლონეთის ნატო-ში გაწევრიანების დოკუმენტს. ალექსანდრ კვასნევსკი პოლონეთის პრეზიდენტის პოსტზე 2005 წლამდე იმყოფებოდა.