დღეს თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილიმა და პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო დემოკრატების" ლიდერებმა ვაზისუბნელებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად გამოჩენილი ძიუდოისტი, მწრთვნელი, შოთა ხაბარელი წარუდგინეს.
"ბატონ შოთას, როგორც პიროვნებას და დიდ ქართველს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ დღეს, მინდა სიამაყით წამოგიდგინოთ შოთა ხაბარელი როგორც "სახალხო დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოში. იგი კენჭს ვაზისუბანში იყრის. ეჭვი არ მეპარება, რომ ვაზისუბნელებს ბატონი შოთას სახით ისეთი წარმომადგენელი ეყოლება დედაქალაქის საკრებულოში, რომელიც ყველაზე ღირსეულად დაიცავს ამ უბნის ინტერესებს. იგი არის სამართლიანი, პრინციპული, უშიშარი და შრომისმოყვარე ადამიანი. მან არაერთხელ ასახელა საქართველო და ვიცი, რომ იგი ასეთივე წარმატებით გასახელებთ თქვენ, ვაზისუბნელებს", - მიმართა მოსახლეობას ივანიშვილმა.
ხაბარელმა განაცხადა, რომ იგი თავდაუზოგავად იბრძოლებს, რათა ვაზისუბნი გახდეს ერთ-ერთი სამაგალითო და კეთილმოწყობილი რაიონი. ხაბარელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ქალაქის განვითარებას ვერ ექნება პერსპექტივა, თუკი არ განვითარდა ისეთი რაიონები, როგორებიცაა ვაზისუბანი, მუხიანი, ვარკეთილი.
"უნდა შეიცვალოს ქალაქის ხელმძღვანელობის მიდგომა პერიფერიების მიმართ. ვაზისუბანი ისეთივე ინტენსივობით უნდა ვითარდებოდეს, როგორც ქალაქის ცენტრალური რაიონები", - განაცხადა ხაბარელმა.
"პირობას ვდებ, რომ მივიტან თქვენს ხმას საკრებულომდე და იქ ვიბრძოლებ თქვენი ინტერესების დასაცავად", - განაცხადა ხაბარელმა.
შეგახსენებთ, რომ შოთა ხაბარელი არის სპორტის დამსახურებული ოსტატი. მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მწვრთვნელი. საქართველოს დამსახურებული მწრვთნელი. ევროპის ძიუდოს კავშირის მიერ ხაბარელი 3-ჯერ დასახელდა ევროპის საუკეთესო მწრთვნელად ძიუდოში, მათ შორის 2006-2007 წლებში ორჯერ ზედიზედ.