საფინანსო ზედამხდეველობის სააგენტოს საბჭოს წევრები სამუშაო პირობების შექმნას და ყოველთვიური სარგოს დანიშვნას ითხოვენ.
საბჭომ შესაბამისი წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს მიმართა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონის აღსრულებას ითხოვენ.
მიმართვას, რომელსაც ხელს საფინანსო ზედამხდეველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და საბჭოს წევრები - ტერნესი, ურუმაშვილი, გალდავა აწერენ, „ჯი-ეიჩ-ენ“-მა მოიპოვა.
წერილში აღნიშნულია, რომ 2015 წლის სექტემბერში, პარლამენტის მიერ სსიპ „საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო“-ს საბჭოს შემადგენლობა, საბჭოს თავმჯდომარე და სააგენტოს უფროსი დამტკიცდა და სააგენტო მუშაობას დაუყონებლივ შეუდგა და მოახდინა: 1) სააგენტოს დებულების, 2) საშტატო ნუსხის 3) სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურისა და 4) სააგენტოს 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.
„მიმდინარე წლის ოქტომბერში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააგენტოს საბჭოსა და სააგენტოს უფროსს უფლებამოსილება შეეეზღუდათ გარკვეული ოპერაციების წარმართვითვის, მაგრამ მთელ რიგ საკითხებზე მუშაობის უფლება კვლავ ძალაშია. შესაბამისად, სააგენტოს მუშაობისთვის საჭირო აუცილებელი პირობები (სამუშაო შენობა, კომპიუტერული ტექნიკა, სახელფასო ბიუჯეტი და სხვა) რაც კანონის მიხედვით ეროვნული ბანკის მიერ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ამ ეტაპზე არ შესრულებულა, ასევე არ არის განსაზღვრული სააგენტოს საბჭოს წევრების სარგო“, - აღნიშნულია საბჭოს წერილში.
საბჭოს წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართავენ, შესაბამისს კომიტეტს კანონის შესრულების მონიტორინგის განხორციელება დაავალოს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის დაქვემდებარებიდან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო დეპუტატების ნოდარ ებანოიძისა და თამაზ მეჭიაურის მიერ მომზადებული კანონპროექტის შესაბამისად გამოიყო.