დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიასა და იაპონური კომპანია " ITOCHU Corporation "-ის მანქანების დეპარტამენტის მენეჯერს კაზუა ჰირანოსა და საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის ფინანსურ კოორდინატორს კოკი ჰინოს შორის.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის განვითარების შემდგომი პერსპექტივები. იაპონურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ.
კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ მათი ვიზიტის მიზანს წარმოადგენს "აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის" მშენებლობის პროექტში და საქართველოს რკინიგზის რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის პროექტში მონაწილეობის საკითხების განხილვა. ამასთან კომპანია გააცნობს ქართულ მხარეს ტექნიკურ ინფორმაციას საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებით ენერგიის მიღების საწარმოს შესახებ, რომლის დანერგვაც შესაძლებელია განხორციელდეს თბილისში.
სტუმრებმა ასევე გამართეს შეხვედრები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს, თბილისის მერიის, შ.პ.ს. "საქართველოს რკინიგზის" მაღალი დონის წარმომადგენლებთან.