ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის მტკიცებით, ტელეკომპანია "25-ე არხს" მაუწყებლობის შესაძლებლობა მიეცემა.
"მიმდინარეობს მუშაობა, რომ არხს საგადასახადო ადმინისტრირების ღონისძიებები შეუმსუბუქდეს. კერძოდ, საუბარია ქონების დაყადაღებისა და ანგარიშების გაყინვის შემსუბუქების შესაძლებლობაზე, იმისათვის, რომ კომპანიამ იმუშაოს და ეთერში მაუწყებლობა შეძლოს", - განუცხადა ბაინდურაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, "25-ე არხის" საკითხის განხილვა გუშინ სახალხო დამცველთანაც მოხდა.
"როგორც სახალხო დამცველმა განგვიმარტა, არხს აქვს სოციალური დატვირთვა რეგიონისთვის და ამასთანავე ამას აქვს სერიოზული პრობლემები. ტელეკომპანიამ სასამართლოში პროცესი წააგო და ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულოს, თუმცა, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით და არხს მაუწყებლობის შესაძლებლობა მიეცემა", - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ "25-ე არხი" აჭარაში მოქმედი ტელეკომპანიაა.