"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" შეფასებით, ქვეყნის უმთავრეს შიდა პოლიტიკურ პრობლემას არა ქალაქის მერი და რაიონის საკრებულოები, არამედ პრეზიდენტი და მისი გარემოცვა წარმოადგენენ. სწორედ აღნიშნულით ხსნის ბურჯანაძის პარტია ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას.
"ეს არჩევნები ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკურ-სოციალურ პრობლემებს ვერ გადაჭრის. თავიდანვე გასაგები იყო, რომ ხელისუფლება აღნიშნულ არჩევნებს გამოიყენებდა ქვეყნის ძირითადი პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად და ოპოზიციის წინასაარჩევნო ურთიერთკამათისა და ურთიერთბრალდებების რეჟიმში გადასაყვანად", - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ სპეციალურ ბრიფინგზე.
მისი განმარტებით, ხშირ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები, ნებსით თუ უნებლიეთ, ურთიერთდაპირისპირებით ხელს უწყობენ ოპოზიციის საერთო დისკრედიტაციასა და საქართველოს მოსახლეობაში ნიჰილიზმის დათესვას, რის პროვოცირებას სამთავრობო მედიასაშუალებებიც აკეთებენ
ბურჯანაძის პარტია ოპოზიციონერ კოლეგებს მათი მისამართით გაკეთებული "დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და შეურაცხყოფისგან" თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ადეკვატური პასუხით" იმუქრება.
"გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ოპოზიციურ პარტიებს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო კრიტიკისგან, რადაგან იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება მსგავსი ქმედებები, ვიტოვებთ უფლებას ვიმოქმედოთ, ჩვენი შეხედულებებისამებრ - ჩვენი მხრიდან გაცემული პასუხი, რომელიც იქნება ადეკვატური და დასაბუთებული, მათ მნიშვნელოვნად დააზარალებს და შელახულ იმიჯს კიდევ უფრო შეულახავს. ნათელი გახდება, ვისი რა ნაბიჯი რით იყო განპირობებული და რეალურად რამდენად დაზარალდა საზოგადოება ოპოზიციის არასწორი ნაბიჯების გამო", - აღნიშნულია მიმართვაში.