"ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე კახაბერ შარტავა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, თინა ქეიდენაუს შეხვდა.
"შევხვდით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ავუხსენით რამდენად შეუსაბამოა ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო და სამართლიანი არჩევნები ერთმანეთთან. ვისაუბრეთ, რატომ არ მონაწილეობს "ეროვნული ფორუმი" არჩევნებში და რამდენად დაუშვებლად მიგვაჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნა იმ ყველაფრის მერე, რაც მოხდა ქვეყანაში. რადგან დღის წესრიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ომთან მიმართებაში დაშვებული პოლიტიკური შეცდომების გამო და ამ პასუხისმგებლობაზე ადეკვატური რეაქცია იქნებოდა სწორედ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები", - განაცხადა შარტავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ქეიადენაუს საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით მათი წინადადებები გააცნეს, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ მოქალაქე დავიცვათ არჩევნების გაყალბებისგან.
"არ არის გამორიცხული, ხელისუფლების სიჯიუტემ და მისმა ლუსტრირებამ იმ საკითხში, რომ ის არ აპირებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, დღის წესრიგში დასვას ე. წ. ხავერდოვანი რევოლუციის საკითხიც კი უახლოეს მომავალში, ამიტომ საერთაშორისო მხარდაჭერა იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ მოხდეს ზეწოლა რეჟიმზე, რათა მან დაუშვას ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის წინაპირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ხელისუფლებას უნდა ჩამოერთვას არჩევნების ჩატარების უფლება და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამომრჩეველმა და ქართულმა საზოგადოებამ", - აღნიშნა "ფორუმის" თავმჯდომარემ.