"ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური ტელეკომპანიებს "რუსთავი 2"-სა და "იმედს" საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევასა და ტენდენციურობაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ზვიად ძიძიგურმა "კონსერვატორების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენმა შტაბმა გააკეთა ქრონომეტრაჟი, თუ რამდენად გადის მერობის კანდიდატის, ზვიად ძიძიგურის შესახებ ინფორმაციები "რუსთავი 2"-ის 9 საათიან "კურიერში" და და "იმედის" "ქრონიკის" 8 საათიან გამოშვებაში.
ბოლო 10 დღის მონაცემებით, უგულავა "რუსთავი 2"-ზე არის 12 წუთი და 45 წამი, ალასანია _ 9 წუთი და 10 წამი, ძიძიგური ერთი წუთი და სამი წამი. "იმედზე" უგულავა - 10 წუთი და 45 წამი, ალასანია- 9 წუთი და 10 წამი, ძიძიგური ერთი წუთი და სამი წამი," - განმარტა ძიძიგურმა.
ზვიად ძიძიგური ამ ფაქტს "ჟურნალისტების მხრიდან დისკრიმინაციას" უწოდებს და აცხადებს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შეხვდება სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიტერ სემნებს, ასევე ინფორმაციას მიაწვდის თბილისში მყოფ ევროსაბჭოს დელეგაციას, ეუთოსა და ცესკოს.