"სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ ხშირ ვიზიტებს აპროტესტებენ.
როგორც "სოციალ-დემოკრატებმა" დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს,
სააკაშვილის 2 თვიანი არყოფნა საქართველოში მიანიშნებს იმაზე, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი რეალურად არ არსებობს, მას დაკარგული აქვს არა მარტო საგარეო, არამედ საშინაო ლეგიტიმაციაც.
"სააკაშვილის საშინაო და საგარეო დელეგიტიმაციის ძირითადი მიზეზი 2008 წლის აგვისტოს ომია. ომი, როგორც პრობლემების გადაწყვეტის საშუალება ცივილიზებული სამყაროსთვის უკვე 65 წელია ისტორიად იქცა. მაშინ, როცა დასავლეთზე და ევროკავშირზე ორიენტირებული საქართველოს ხელისუფლება კვლავ ამ მეთოდით ცდილობს ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტას და არათუ ვერ აგვარებს ამ პრობლემებს, არამედ ხანგრძლივი დროით შეუძლებელს ხდის მის მოგვარებას", - აცხადებენ პარტიაში.
ამასთან, დღესვე "სოციალ-დემოკრატებმა" ქართულ საზოგადოება მიმართეს არ აყვნენ და დაგმონ ხელისუფლების მაღალი ეშელონების რევანშისტული და ქვეყნისთვის სახიფათო ინიციატივები, არ შეასრულონ ისეთი მითითებები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებას და საერთაშორისო იმიჯს.
"ვაქციოთ ომი ისტორიად! დავგმოთ ის ომები, რომლებიც წარმოებულ იქნა საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე და სამუდამოდ დავამკვიდროთ აზრი, რომ ომი პრობლემებს კი არ აგვარებს არამედ ამრავლებს და აზარალებს საქართველოს", - აცხადებენ "სოციალ-დემოკრატები".