თბილისში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
"კმაყოფილებით აღინიშნა ის ტემპი, რომლითაც მხარეებს შორის ვითარდება ურთიერთობები", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ამასთან, შეხვედრაზე, ასევე განხილულ იქნა რუსეთთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების დიდ მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ორივე მხარის მიერ აღინიშნა 30 მაისს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარების აუცილებლობა.
შეგახსენებთ, რომ პიტერ სემნები უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს მორიგი ვიზიტით სტუმრობს.