ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმების შესრულების შუალედური ანგარიში გამოქვეყნებულია.
ანგარიშში გასული წლის განმავლობაში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ყველა მიმართულება დადებითად არის შეფასებული.
ევროკავშირის მოწონება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებმა დაიმსახურა, კერძოდ კი გამოყოფილია რეფორმები კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სფეროში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია უნდა გაძლიერდეს, განსაკუთრებით კი პოლიტიკური და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით.
სამომავლო გამოწვევად, რომლის დაძლევაც საქართველოს მოუწევს არის სიღარიბე, უმუშევრობა, სოციალური პოლიტიკა, სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება და საჯარო სამსახურების რეფორმირება.
აღსანიშნავია, რომ შუალედურ ანგარიშში გასულ წელს აქციების ჩატარებისთვის ხელისუფლების მხრიდან ხელის არ შეშლაც დადებითად არის შეფასებული.