საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ, შესაძლოა, მანანა არჩვაძე-გამსახურდიაც დაკითხოს. ამის შესახებ "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას კომისიის თავმჯდომარემ და ზვიად გამსახურდიას ვაჟმა, კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა.
მისი თქმით, "გასარკვევი აღარ არის ის, პირველი პრეზიდენტი მოკლეს თუ თავი მოიკლა - გამოსაძიებელი მხოლოდ მკვლელობის გარემოებები დარჩა".
"კომისიას დასადგენი მკვლელობის გარემოებები დარჩა. ჩასატარებელია რამდენიმე არსებითი ხასიათის საგამოძიებო ქმედება. ჩვენთვის გასარკვევი დარჩა, მხოლოდ ის, ერთი ტყვია გახდა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ერთადერთი მიზეზი, რომელმაც მის თავის ქალაში გაიარა, თუ ეს ტყვია მისი გარდაცვალების შემდეგ გაისროლეს", _ აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.
როგორც ცნობილია, კომისია მუშაობას ორ თვეში დაასრულებს.