"კონსერვატიული პარტიის" ლიდერის და "ეროვნული საბჭოს" თბილისის მერობის კანდიდატის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ეგზიტპოლები საქართველოში უკვე კომპრომიტირებულია და ამერიკულმა ორგანიზაცია "ედისონ რესერჩიმ" საარჩევნო ეგზიტპოლი არ უნდა ჩაატაროს. ამის შესახებ "კონსერვატორების" ლიდერმა დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც საქართველოში აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასსისადმი მიმართვაც წაიკითხა. ძიძიგური ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილსაც მიმართავს, რათა მან არ დაუშვას ეგზიტპოლების გაყალბების ინსტრუმენტად ქცევის მცდელობა.
ძიძიგურმა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩატარებული ეგიტპოლებიც გაიხსენა, რომელსაც დღევანდელი სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობიშვილი და ყოფილი განათლების მინისტრი გია ნოდია უძღვებოდნენ. ძიძიგურის თქმით, აღნიშნული ეგზიტპოლები გაყალბდა და დიდი შანსია, რომ 30 მაისის ეგზიტპოლებიც ასეთ ბედს გაიზიარებს.
"საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ორგანიზაცია "ედისონ რესერჩი" აპირებს საქართველოში ეგზიტპოლების ჩატარებას ტელეკომპანიების - "რუსთავი 2"-ის და "იმედის" დაკვეთით. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ასევე "იმედის" და "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, დღევანდელი მინისტრის, თემურ იაკობაშვილის და ბატონი გია ნოდიას ხელმძღვანელობით ჩატარდა ეგზიტპოლები, რომლებიც იყო გაყალბებული და ამის შესახებ იცის მთელმა საზოგადოებამ. იმავდროულად, საქართველოში არის შექმნილი ისეთი ფსიქოლოგიური ტერორის რეჟიმი, რომ ადამიანები არ ამბობენ სწორ პასუხს, არიან თუ არა ოპოზიციის მხარდამჭერები", - განაცხადა ძიძიგურმა.
ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ძიძიგური აცხადებს, რომ საქართველოში ეგზიტპოლების ჩატარება ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს. "ეროვნული საბჭოს" თბილისის მერობის კანდიდატი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯონ ბასს თხოვნით მიმართავს, რომ მისცეს რეკომენდაცია ზემოხსენებულ ამერიკულ ორგანიზაციას - ნუ ჩაატარებს ეგზიტპოლებს.
"ჩვენ "კონსერვატიული პარტია", საარჩევნო ბლოკი "ეროვნული საბჭო" და მერობის კანდიდატი, ზვიად ძიძიგური მოგმართავთ თხოვნით, რომ მისცეთ რეკომენდაცია ნუ ჩაატარებს ზემოაღნიშნული ამერიკული ორგანიზაცია ეგზიტპოლებს, რომელიც უკვე კომპრომიტირებულია და ხელს შეუშლის ამერიკული ინსტიტუტების ავტორიტეტის ზრდას", - აღნიშნა ძიძიგურმა.