რუსული მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში საქართველოსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვს.
აღნიშნული საკითხი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორ კარასინმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, შეხვედრა 11 მაისს გაიმართა.
შეხვედრაზე კარასინმა, ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალურმა წარმომადგენლებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. საზღვრებთან არსებული ვითარება განიხილეს, ასევე ჟენევის დისკუსიების მე-11 რაინდზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს.
14 მაისს კი ჟენევის თანათავმჯდომარებს თბილისში ელოდებიან. ასევე დაგეგმილია მათი სეპარატისტულ ცხინვალში და სოხუმში ვიზიტიც.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მე-11 რაუნდი 8 ივნისს გაიმართება.