ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაზე გამართული დისკუსიით კმაყოფილია.
როგორც ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამომსვლელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დააფიქსირა.
"მეორეს მხრივ, თითქმის ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები. ეს იყო სერიოზული სიგნალი, რადგან ითქვა, რომ მოსკოვმა უნდა დაიწყოს 12 აგვისტოს შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების შესრულება, რაც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო", - განმარტავს ჭიაბერაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ არსებულ ვითარებაზე მწვავე დისკუსია გაიმართა.
მინისტერიალში 47 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.
ქართულმა მხარემ სხდომაზე რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე ისაუბრა. რუსეთის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.