ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიტერ სემნების შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხები. ასევე ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებაში საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართვის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გაიმართა.
"განვიხილეთ მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების დაწყების მნიშვნელობას. ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოსა და არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ. მადლობა გადავუხადე ევროკავშირის წარმომადგენელს, არჩევნების პროცესში ევროკავშირის აქტიური ჩართვისთვის", - აღნიშნა ბარამიძემ.
"მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო მდგომარეობა ქვეყანაში სტაბილურია. ვესაუბრე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, რომლის დასკვნა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და მასში აღნიშნულია, რომ საქართველოში არჩევნების კუთხით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია", -აღნიშნა პიტერ სემნებიმ.