პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.
როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ უსუფაშვილმა განუცხადა, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.
„ბრინკი საქართველოში მას შემდეგ ჩამობრძანდა, რაც ვაშინგტონში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დასრულდა. კერძოდ, სტრატეგიული პარტნიორობის ეგიდით სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. წინა კვირაში, ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი მუშაობა იყო. ამ დროს იქ ყოფნა მეც მომიწია და ამ პროცესს ვესწრებოდი. ამერიკასთან დემოკრატიის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, კულტურის, განათლების და ყველა სხვა მიმართულებით თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული გეგმა და სტრატეგია გვაქვს და ამას მივყვებით“, - განაცხადა უსუფაშვილმა.