მასობრივი არეულობები ათენში. საბერძნეთის დედაქალაქის ქუჩებში გამოსულმა ათასობით დემონსტრანტმა 42 წლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენა. 1973 წლის 17 ნოემბერს სამხედრო ხუნტამ სტუდენტთა აჯანყება ჩაახშო, რასაც ათობით მანიფესტანტი ემსხვერპლა. ტრაგიკული თარიღის აღსანიშნავად გამართული მსვლელობები მალე ანტისახელისუფლო ლოზუნგებში გადაიზარდა. ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილო დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.