უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის სტავროპოლის მხარეში, დაბა სოლნეჩნოდოლსკში, სამრეწველო ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ვლადიმირ ვლადიმიროვმა განაცხადა. იუწყება BBC
მისი თქმით, თავდასხმის სამიზნე სამრეწველო ობიექტები იყო, თუმცა გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ ობიექტებზეა საუბარი.
მანამდე ვლადიმიროვმა ქალაქ ნევინომისკის სამრეწველო ზონაზე დრონებით თავდასხმის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია.
„ნევინომისკში მტრის უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის მოგერიება მიმდინარეობს. დრონები ქალაქის სამრეწველო ზონისკენ მიემართებოდნენ. მუშაობს საჰაერო თავდაცვა, ჩამოვაგდეთ აპარატები. არ მიუახლოვდეთ საფრენი აპარატების ნამსხვრევებს“, - დაწერა გუბერნატორმა.
ორივე დასახლებაში მსხვილი ენერგეტიკული ობიექტებია განთავსებული: ნევინომისკის თბოელექტროსადგური - ნევინომისკში, ხოლო სტავროპოლის თბოელექტროსადგური- სოლნეჩნოდოლსკში.