პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთის მოთხოვნით, გერმანიის პოლიციამ თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც მაზოვიის რეგიონში, სოფელ ვოლა-კრობოვსკაში, Starlink-ის სატელიტური კავშირის სახმელეთო სადგურის განზრახ დაწვაში არიან ეჭვმიტანილი.
ტუსკის თქმით, ეს ჰიბრიდული ომის მორიგი აქტია და დივერსიაში დამნაშავე პირები პოლონეთის მართლმსაჯულების წინაშე აგებენ პასუხს.
„პოლონეთის სამსახურების მოთხოვნით, გერმანიის პოლიციამ თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც მაზოვიაში Starlink-ის სადგურის დაწვაში არიან ეჭვმტანილი. ეს ჰიბრიდული ომის მორიგი აქტია. დივერსიაში დამნაშავეები პოლონეთის მართლმსაჯულების წინაშე აგებენ პასუხს“, - დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ზე.
Starlink-ის სატელიტური კავშირის სახმელეთო სადგურზე ხანძარი 23 სექტემბრის საღამოს გაჩნდა. შემთხვევის გამო პროკურატურამ გამოძიება დივერსიისა და უცხოური დაზვერვის ინტერესების სასარგებლოდ ჩადენილი ტერორისტული ხასიათის დანაშაულის მუხლებით დაიწყო.
ინციდენტის კომენტირებისას ტუსკმა მანამდე განაცხადა, რომ არ ემხრობა შემთხვევისთვის დივერსიის კვალიფიკაციის მინიჭებას, ვიდრე ამაში ასი პროცენტით დარწმუნებული არ იქნება, თუმცა დასძინა, რომ მომხდარი „კარგად არ გამოიყურება“.