პოლონეთი აფასებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩართულობას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობაში, თუმცა ვარშავაში მიაჩნიათ, რომ დიპლომატიური ძალისხმევა შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიღებს, თუ ზეწოლა აგრესორზე განხორციელდება და არა აგრესიის მსხვერპლზე. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
„ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტ ტრამპის ჩართულობას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობაში. თუმცა, პოლონეთში მიგვაჩნია, რომ ეს შედეგს მოიტანს, თუ ზეწოლა აგრესორზე განხორციელდება და არა აგრესიის მსხვერპლზე“, - განაცხადა სიკორსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის უთანხმოება საბოლოოდ მოგვარდება.
სიკორსკის თქმით, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ომი რუსეთმა დაიწყო უკრაინაში შეჭრით და სწორედ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს დასავლეთისა და საერთაშორისო მშვიდობისთვის.
მინისტრი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებასაც გამოეხმაურა და მას ვლადიმირ პუტინის შეუვალობაზე სწორი პასუხი უწოდა.